top of page

​2023 წელს მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ

კრიტიკულ არხებს ეს არ შეხებია

2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულმა თანხამ გასულ წელს 87.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 18.6%-ით, ანუ 13.7 მილიონი ლარით აღემატება.

მონაცემები აჩვენებს, რომ სარეკლამო შემოსავლის ზრდით ძირითადად ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი არხები სარგებლობენ, კრიტიკულ მაუწყებლებს კი შემოსავლები, პირიქით, - შეუმცირდათ.

​როგორ ნაწილდება სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წელს სახელისუფლებო ტელევიზიას - „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, 2022 წელთან შედარებით, 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 33.7 მილიონი ლარი შეადგინა.

4.5 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა.

2.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ”-მ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წელს 7.4 მილიონი ლარი იყო.

1.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს შემოსავალიც, რომელიც 3.3 მილიონი იყო.

ამ ტელევიზიებთან ერთად, გაიზარდა “ბი-ემ-ჯის” შემოსავლებიც. 2023 წელს მისი შემოსავალი 3.2 მილიონს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.3 მილიონი ლარით აღემატება.

„მთავარი არხის” შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 2.2 მილიონით შემცირდა და 7.9 მილიონი შეადგინა.

ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი 0.4 მილიონით შემცირდა და 5.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. ასევე შემცირდა კიდევ ერთი კრიტიკული მაუწყებლის - “ტელეკომპანია პირველის” სარეკლამო შემოსავალი. მან გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, 0.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო და ჯამში მისმა შემოსავალმაც, “ფორმულას” მსგავსად, 5.3 მილიონი ლარი შეადგინა. 

საზ მაუწყ.jpg

რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს”, 2023 წელს მან 0.7 მილიონით ნაკლები, კერძოდ, 2.4 მილიონი ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შემცირების მიუხედავად, ის კვლავ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის უდიდეს წილს იკავებს. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის შემცირებული, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1.4%-ით გაიზარდა.

bm.ge-ის რედაქტორი, თელარა გელანტია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ბიზნესისთვის გადამწყვეტ როლს მედიის სანდოობა თამაშობს. 

რა პრინციპით ირჩევს ბიზნესი რეკლამის განთავსების სივრცეს

ანა ცხოვრებოვა, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას “ბიზნესი დღეს” უძღვება, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არხებზე შემოსავლების ზრდას, ხოლო კრიტიკულ მაუწყებლებზე შემცირებას, მთავრობის მხრიდან პირდაპირი დირექტივით ან ბიზნესის თვითცენზურით ხსნის. 

ვინ უკვეთავს რეკლამას

ქართული სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ძირითადად პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯებისგან, სოციალური რეკლამისგან, მსხვილი სარეკლამო დაკვეთებისგან და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შემოსული თანხებისგან შედგება. 2023 წელს პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯის ნახევარზე მეტი, ანუ 631.1 ათასი ლარი, „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა , ხოლო დანარჩენი 12 პარტიაზე ნაწილდებოდა.  სოციალური რეკლამების ჯამური შემოსავლიდან - 1.6 მლნ ლარიდან 861.3 ათასი ლარი “მედიაჰოლდინგმა” და 608.4 ათასი ლარი “პოსტ ტვ”-მ მიიღეს.რაც შეეხება მსხვილი სარეკლამო დამკვეთების განაწილებას, აქაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი არხები ლიდერობენ: ტელეკომპანია “იმედს” 2023 წელს  216 დამკვეთი ჰყავდა , ხოლო “მედიაჰოლდინგს” (“რუსთავი 2”) - 109. 

 

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ჯამში 28 მაუწყებლისგან 206 სხვადასხვა ტიპის ღირებულების მომსახურებით ისარგებლეს. აქედან 127 შემთხვევა 3 ტელემაუწყებელზე: “იმედის ჰოლდინგზე”, “მედიაჰოლდინგსა” და”პოსტ ტვ”-ზე მოდის. 


აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამაუწყებლო შემოსავლის მხრივ კლების ტენდენცია გამოვლინდა. ამ წელს ტელემაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 7.8%-ით შემცირდა. “მედიის განვითარების ფონდის” მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, სამაუწყებლო შემოსავლის კლება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ განაპირობა.

ელენე ებანოიძე 

სტატიის ავტორი

2024

bottom of page